ბიზნესი
04/03/2021

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს

შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“, რომელსაც სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ხსნის, პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს დღეებში „კავკასია“ ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს განათლების სამინისტროში შეიტანს.

მისი ინფორმაციით, კოლეჯში სწავლა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლევადიანი, რამდენიმე დღიანი კურსით, ისე გრძელვადიანი,  2 წლიანი პროგრამით.

პირველ წელს კოლეჯს გრძელვადიან მიმართლებაზე 15 სტუდენტი ეყოლება. რაც შეეხება სწავლის საფასურს, სტუდენტს სწავლის საფასურის მხოლოდ 5-10%-ის გადახდა მოუწევს. 

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით კოლეჯი და საცხოვრებელი კამპუსი უკვე აშენებულია.

როგორც მახარაძე აცხადებს, მოკლევადიან სასერთიფიკატო კურსებზე(რამდენიმე დღიანი) მიღება ზაფხულიდან დაიწყება და მასში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

კოლეჯის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სტუდენტებისთვის განათლების მიცემა მეცხოველეობისა და რძის გადამუშავების მიმართულებით, რომელიც დაფუძნებული იქნება დუალური სწავლების პრინციპებზე. 

კოლეჯის ძირითადი საქმიანობა იქნება 2 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთანავე, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები. პროექტის მიხედვით სოფელ სარკინეთში ასევე მოეწყობა ფერმა და ყველის ქარხანა. 2 წლიან პროფესიულ პროგრამაში ჩართვა 12 კლასს დამთავრებულებს შეეძლებათ.

პროექტის მთავარ პარტნიორად შეირჩა შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა - პლანტაჰოფი. პლანტაჰოფი უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.

“თეორიულ სწავლებასთან ერთად, სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ.  ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდა მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა“-აცხადებს მახარაძე.

მისივე ინფორმაციით, დმანისის ყველის ქარხანაში დამზადებული ყველი სავარაუდოდ, ბრენდი „კავკასიის“ სახელით საწყის ეტაპზე კოლეჯი არსებულ მაღაზიაში გაიყიდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია როგორც ადგილობრივი ბაზრის ათვისება,ისე ექსპორტზე გასვლა.

მახარაძის განმარტებით, სკოლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის.

პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორია კერძო შვეიცარიული ფონდი Swiss South Caucasus Foundation (SSFC), რომელიც მრავალი წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს.

 

 

Businesspartner